2010 წლის ივლისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) - გაეროს სააგენტო დააფუძნა, რომლის დანიშნულება გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობაა. მრავალი ათწლეულის განმავლობაში გაერომ გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო ისეთი დოკუმენტების მიღებამ, როგორიცაა პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა, ასევე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია. გენდერული თანასწორობა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლება არ არის. მის მიღწევას უზარმაზარი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში საქმიანობა 2001 წლიდან (UNIFEM-ის სახელით) დაიწყო. 2000-იანი წლების დასაწყისში გენდერული თანასწორობის თემა სახალხო დიპლომატიისა და კონფლიქტის მხარეებს შორის არაფორმალური დიალოგის წახალისების ძლიერი, ზოგჯერ კი ერთადერთი საშუალება იყო. ორგანიზაციის ახალი სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, 2013 წელს, საქართველოში თავისი წარმომადგენელი დანიშნა და ოფისი ჩამოაყალიბა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ამჟამინდელი საქმიანობა მიზნად ისახავს სახელმწიფო და არასამთავრობო პარტნიორებისთვის დახმარების გაწევას საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს პოლიტიკისა და კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და ფართო საზოგადოების დონეებზე, რათა მიაღწიოს ხელშესახებ შედეგებს გენდერული თანასწორობის გაზრდისა და ქალებისა და გოგონების უფლებათა დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში შემდეგი თემატური მიმართლებებით მუშაობს:
ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, 2022 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სსიპ სოფლის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა ქალებზე ორიენტირებული პირველი სპეციალიზებული პროგრამა, რომელიც ქალი ფერმერებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების თანადაფინანსებას ითვალისწინებდა, აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა 2023 წლიდან სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდა.
მეწარმე ქალებისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, ბიზნეს ტრენინგების, ინდივიდუალური მენტორობის, ბიზნესის გაციფრულების ხელშეწყობის პარალელურად, გაეროს ქალთა ორგამიზაცია ყოველწლიურ ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას „Expo”-ს მართავს. ქალ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვაში მეწარმეები მთელი საქართველოდან შეირჩევიან, რაც მათთვის ბაზრებზე ხელმისაწვდომობის, დიდ ბიზნესებთან დაკავშირების და სანაცნობო ქსელების გაზრდის შესაძლებლობაა.
გაიგე მეტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის არხზე.
თემა
მსგავსი რესურსები
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
გერმანიის მხარდაჭერა საქართველოში 1992 წლიდან
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სერვისები და შესაძლებლობები
გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)
უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა 1993 წლიდან